ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
ყირიმ-კონგოს შემთხვევები გამოვლინდა სამ სოფელში: ტოლოშში, ნაქურდევსა და მუსხში. ცხოველები და მათი სადგომები, ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით მუშავდება.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ, პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყო. დაავადება ჯერ 28 აპრილს, სოფელ მუსხში დაფიქსირდა, იგივე სიმპტომები სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს გამოუვლინდა, მესამე შემთხვევა კი სოფელ ნაქურდევში 58 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთი ყირიმ-კონგოს კერად ითვლება.
მწვავე ვირუსული ინფექცია, ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტკიპა ცხოველს ხელთათმანის გარეშე არ მოაცილონ. გარდა ამისა, ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვსა და სადგომს.