რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და სავიზო რეჟიმი დააწესოს.
მმართველი გუნდი კი ევროპული- არჩეული კურსის ერთგულებას ადასტურებს და მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულებით რეისებს მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები შეასრულებენ.
"საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს იქნება მხედველობაში მიღებული, რომელი კომპანია იქნება დასანქცირებული, ამის მიხედვით იქნება ეს რეჟიმი ჩამოყალიბებული და განვითარებული. ეს არის მოცემულობა და არაფერი განსხვავებული არ თქმულა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. იქ ითქვა: სანქცირებული ბორტი მაგალითად, არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში, ეს გასაგებია- ასეთივეა განწყობა. ვიდრე ეს განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში მანამდე, გაკეთდა საბედნიეროდ განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რასაც ვამბობთ, ის სრულდება. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის მიღმა რაიმე სასაუბრო რჩებოდეს ამ თემასთან დაკავშირებით,"-განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.