სტრასბურგის უარი მიხეილ სააკაშვილს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისში ისევ შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სააკაშვილს ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ასპექტი ახლავს:
"საოცარი იქნებოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“, საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, გასაცნობიერებლად სავალალოა. არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ და ვისი ამოცანაც არის, საკუთარ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ. სავალალოა ისიც, რომ პოლიტიკოსები საკმაოდ ცნობილი გვარებით, თავიანთი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი. საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს და, ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც იგერიებს სერიოზულ შემოტევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან, იძულებულია, თავისი მცირე რესურსებით თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით,"- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.