"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი. ამის შესახებ კობახიძემ ოპოზიციის განცხადების პასუხად განაცხადა იმის შესახებ, რომ დოკუმენტების გაგზავნა „როსავიაციაში“ დაუშვებელია.
"თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.