საქართველოში დანიის სამეფოს საელჩო გაიხსნა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, საელჩოს გახსნით, ისინი კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნიან ქართველ ხალხს, რომ დანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევია.
დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის წევრებისა და ბიზნეს დელეგაციების საქართველოში ვიზიტის და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე.
დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან, როგორც არასდროს.
"დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და რომ ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენივე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
საარტელოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, რეზიდენტი საელჩო კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს.
"დანიის სამეფოს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დინამიკას, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და მიაღწია თავის ყველაზე აქტიურ ფაზას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეზიდენტი საელჩო, კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ჩვენს თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მეტ დანიას საქართველოში, მისი წარმოუდგენელი ღირებულებების, საუკეთესო პრაქტიკისა და მდიდარი კულტურის მეშვეობით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.