15 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ამ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და ეს ომი, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც ჩვენს მეგობრებს არ უნდა დაავიწყდეთ - მამუკა მდინარაძე

"რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის, ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, თქვენს კოლეგებს, რომ 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი და 2019 წლის შემდეგ კი არ შეიცვალა სიტუაცია, ამ ომის შემდეგ ბევრი რაღაც მოხდა. მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? მანამდე საოკუპაციო მოქმედებებს არ ახორციელებდა ამ ქვეყანაში? ქვეყანაში? ეს გადავშალეთ და თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას მხოლოდ უკრაინის ომის გამო?"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, ხელისუფლების ოპონენტების მსგავსად, რუსეთის აგრესიის ათვლას მხოლოდ უკრაინის ომიდან, 2019 წლიდან იწყებს. მისივე განმარტებით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მისცა, ეს პროევროპულად შეფასდა ხოლო, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სანქციების არდაწესებას პრორუსულად თვლიან.

"საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და ეს ომი, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც ჩვენს არცერთ მეგობარს არ უნდა დაავიწყდეს. როდესაც მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ 2019 წლის შემდეგ ომი იყო - დიახ, საოკუპაციო ომი მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ავიწყდება ყველას მათ შორის, ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, თქვენს კოლეგებს, რომ 2019 წლის შემდეგ კი არ შეიცვალა სიტუაცია, 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რაღაც მოხდა.

ამათ ["ნაციონალურ მოძრაობას"] ავიწყდებათ ყველას, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს სანქციები. ანუ ოკუპანტმა ქვეყანამ მოუხსნა, რასაც ჩვენი პარტნიორები ევროპიდან, ამერიკიდან ითხოვდნენ და თურმე, ახლა ჩვენ უნდა დავუწესოთ იმიტომ, რომ ეს მათ არ გაასაღონ პრორუსულად.

თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული - ასეთი ლოგიკა აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება თავის ინტერვიუში 2008 წლის ომი და ისიც ამ ნეგატივის ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები