"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევაზე წელიწადზე მეტია პასუხს ელოდება, თუმცა მათ ეს პასუხი არ გაუციათ და მათი მხრიდან მცირე დროის გამოყოფაზე აქცენტის გაკეთება, მხოლოდ სპეკულაციაა.
კობახიძის განმარტებით, თუ ჩააგდებენ მთლიანად კენჭისყრას, თუ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ნათელი იქნება მათი დამოკიდებულება, რომელიც ევროპულ ინტეგრაციაში საქართველოს ხელს შეუშლის.
"წელიწადზე მეტია გასული, რაც ჩვენ ვითხოვთ მათგან პოზიციას, თუმცა ეს პოზიცია არ ჩანს. 24 საათზე საუბარი მათი მხრიდან, რა თქმა უნდა სპეკულაციაა. თუ მათ სურთ კონკრეტული კანდიდატურების მხარდაჭერა, ასეთ შემთხვევაში დაასახელონ ეს კანდიდატები, ან საერთოდ არ დაასახელონ და მხარი დაუჭირონ კენჭისყრაზე, ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ, სინამდვილეში გამოჩნდება, მათ სურთ თუ არა კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის.
თუ ჩააგდებენ მთლიანად კენჭისყრას, თუ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ნათელი იქნება მათი დამოკიდებულება. თუ მხარს დაუჭერენ კონკრეტულ კანდიდატებს, ესეც ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას. ვნახოთ, ამ დღეებში, ალბათ შედგება კენჭისყრა, ვინც მათ მოსწონთ იმას დაუჭირონ მხარი, ვინც ჩვენ მოგვწონს იმათ დავუჭერთ ჩვენ მხარს. საბოლოო ჯამში, თუ კანდიდატების არჩევა მოხერხდება, ეს იქნება ძალიან კარგი იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.