"ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. ჩვენს პარლამენტებს შორის არის განსაკუთრებული მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე აპარატების სახით,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში სამუშაო ვიზიტის შეჯამების დროს განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის არსებობს მტკიცე თანამშრომლობა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობაზე რეგიონში, ეს სწორედ ის იდეები და პროექტებია, რომლებიც ჰეიდარ ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა პოლიტიკოსებმა წამოიწყეს და სწორედ, ამ შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.
"ჩვენ გვაქვს კომიტეტებს შორის ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა. მალე იგეგმება კულტურის კომიტეტებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დღეს გვქონდა საუბარი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რომ შეიძლება უფრო გავაფართოვოთ სექტორული კომიტეტების რაოდენობა, რომლებსაც ერთმანეთთან ექნებათ ურთიერთობა. ამიტომ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი ვიზიტი ამ მხრივაც. რაც შეეხება, მთლიანად ვიზიტს და ღონისძიებას, რომელიც დღეს გაიმართა, საიუბილეო სხდომა აზერბაიჯანის პარლამენტის, რომელიც ეძღვნებოდა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს, საქართველოს პარლამენტის სახელით შესაძლებლობა მქონოდა მიმემართა მილი მეჯლისისთვის ამ საიუბილეო სხდომაზე და მესაუბრა იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელიც ჰეიდარ ალიევმა არა მხოლოდ აზერბაიჯანის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის შეიტანა, არამედ მისი წვლილი, ასევე, დიდია მთლიანად რეგიონის და საქართველოს როლის წამოწევისთვის. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, ეს სწორედ ის იდეები და პროექტებია, რომლებიც თავის დროზე, ჰეიდარ ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა პოლიტიკოსებმა წამოიწყეს და სწორედ ამ შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.