ვინ მისცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მმართველი გუნდის კანდიდატებს ხმა ოპოზიციიდან - "კურიერმა" გაარკვია, რომ ეს ხუთი დეპუტატი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრები არიან.
ერთ-ერთ მათგანად ბაჩუკი ქარდავა სახელდება, რომლიც ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა "ოცნების" კანდიდატებისთვის ხმა არ მიუცია.
"ვინ ამბობს ამას, რომ გავიყიდეთ? გაყიდულები ამბობენ ალბათ რომ გავიყიდეთ. გაყიდულებს უნდათ, რომ ყველა გაყიდული იყოს. ყველამ თავის თავს მიხედოს, საქმენი გამოაჩენენ ყველას. კენჭისყრაში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერა მე არ განმიხორციელებია. მე ვაპირებდი კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის ხმის მიცემას, რომლებიც აბსოლუტურად ანტაგონისტურად არიან განწყობილნი იგივე "ქართული ოცნების" მიმართ. მე არ მინდა გვარები დავასახელო, რადგან არ მინდა ვინმეს უხერხული მდგომარეობა შევუქმნა. ვიცი, რომ სხვებიც აპირებდნენ ასეთ რამეს, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციაში ითქვა, რომ ვტოვებთ დარბაზს, დავტოვე დარბაზი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ბაჩუკი ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - საჭირო 90 ხმის მობილიზება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა "კურიერმა" მალევე გაარკვია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ ხუთი ხმა, ხუთი ნომრით გასული დეპუტატებისგან იყო.