15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ქალი დეპუტატები მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავენ და რუსეთთან ფრენების გაუქმებას მოითხოვენ - ვინ უერთდება პარტიებიდან ფრენების შეწყვეტის მოთხოვნას და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილითაც მიმართეს და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება მოითხოვეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განახლება საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებიან. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, რუსეთთან თანამშრომლობას ახსენებს.

"გირჩი" კოლეგა ოპოზიციონერების ინიციატივას არ იზიარებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ აქცენტი არა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არამედ საქართველოს საგარეო კურსზე უნდა გაკეთდეს. "ნაციონალური მოძრაობა" კი დეპუტატების მოთხოვნას უერთდება.

"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ხელისუფლება ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მოსკოვის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში მმართველი პარტიისთვის მთავარი მხოლოდ ჰუმანიტარული ნაწილია. სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც უპასუხა, სადაც დღეს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოხატეს.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეზღუდული 2019 წლიდან იყო. მიმდინარე წლის 10 მაისს კი, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

დღის ამბები