"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე.
მისი შეფასებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მოჰყვება საპასუხო სანქციები,რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველად იმოქმედებს.
"იქამდე, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს გადაწყვეტილება ასობით ათას ქართველს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და მათ გაუადვილებს ცხოვრებას, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა ზიანს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს ის, რომ საქართველომ შემოიღოს სანქცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მოჰყვება საპასუხო სანქციები, რომლის დიაპაზონი არის ძალიან დიდი და რომელიც რეალურად შეზღუდავს ჩვენს მოქალაქეებს და დამღუპველ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ ბოლო ორი წელია 10%-იანი ზრდა გვაქვს და ვიქნებოდით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ექნებოდა -10%-იანი რეალობა, ეს იქნებოდა რეგრესი და ეკონომიკა შემცირდებოდა.
ალბათ იმის განსაზღვრა, თუ რა პოლიტიკას გაატარებს რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაში დიდი კითხვის ნიშანია, მაგრამ შენ უნდა გათვალო რისი გამკეთებელი ხარ და უნდა გათვალო რამდენიმე ნაბიჯი. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არაფერს განსხვავებულს არ აკეთებს ახლა, რასაც აკეთებდა 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები - პოლიტიკური, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება არის ზუსტად იმ დონეზე, რაც ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული შეტევის და ომის შემდგომ იყო.
რა თქმა უნდა, დღეს კონტექსტი განსხვავებულია და მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესიული თავდასხმა უკრაინაზე, ამით კონტექსტი შეიცვალა, კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება მსოფლიოში და ევროპის კონტინენტზე, ეს კარგად გვესმის, მაგრამ დამიჯერეთ, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, დარწმუნებული ვარ და პასუხისმგებლობიანი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს არის, ეს კონტექსტი უკვე დამდგარია 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ამიტომ, ჩვენთვის რაოდენ მძიმე და საზიანოა ის, რასაც რუსეთი აკეთებს, არავის სასწავლებელი არ არის, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 20 კილომეტრში, 20-ში კი არა 2 კილომეტრშია, თითო კილომეტრშია, მათ შეუძლიათ ძალიან დამანგრეველი ზიანი მოაყენონ ჩვენს სახელმწიფოს. ერთი კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გვესმის სიმძიმე ომის, მაგრამ ამ ხელისუფლების მთავარი კონტექსტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის შენარჩუნება და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის შანსის შენარჩუნება,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.