15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ენმ-ის ფრაქციის ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატის გვარი, რომლისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ, თუმცა ფრაქციის წევრები მხოლოდ ოთხზე საუბრობენ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ისევ ისმის ურთიერთბრალდებები. ფრაქციის უკვე ყოფილ წევრებს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს, კითხვები აქვთ. მათ დღეს ყოფილი თანაგუნდელების პოზიციაც გააკრიტიკეს.

პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე მის ყოფილ თანაფრაქციელებს კითხვით მიმართავს, რატომ მალავენ, რომ ოპოზიციურ ჩათში საუბარი იყო არა ოთხ შეთანხმებულ კანდიდატურაზე, არამედ ხუთზე და მეხუთე იყო ნინო ნიშნიანიძე. სწორედ ნინო ნიშნიანიძემ დააგროვა დანარჩენ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა, რომელიც არჩევისთვის საკმარისი არ იყო, თუმცა მეორე ტურში გადავიდა.

"მათ გამორჩათ, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო მეხუთე გვარი ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ გამორჩათ, არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ, არ არის დიდი პირობის შემსრულებელი „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედაც მოქმედებდა ის ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი, მთლად გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციურ ჯგუფებში იყო ის ფრაზა, რომ აქ იყო გარიგება და ეს გარიგება, საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობა" გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე, ცხადია, პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგა "ნაციონალური ფრაქციის" ზოგიერთ წევრთან და ალბათ შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც, რათა უფრო მეტი სინათლე მოეფინოს ამ საკითხს", – განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძის ამ განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს, სადაც ამბობენ, რომ მათი არგუმენტების არ სჯერათ და განცხადებებს თავის მართლების მცდელობას უწოდებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პოლიტიკაში შემთხვევითობების არ სჯერა.

"იმ სამ კანდიდატს შორის, რომელსაც მან მხარი დაუჭირა და რომლებიც გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს. შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა საერთოდ ვერ ახსნის მის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის მიმართ, რომელიც გახდა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტაცია, რომელიც ცდილობს, რომ გაამართლოს მათი გუშინდელი ქმედება. ნამდვილად არ მწამს შემთხვევითობის პოლიტიკაში," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს გუშინ უმრავლესობასთან ერთად, ხმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ მისცეს. რასაც ოპოზიციაში მკაცრი შეფასება მოჰყვა.

ამასთან, გუშინვე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.

დღის ამბები