ცნობილია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები - ინფორმაცია საქპატენტმა გაასაჯაროვა. განცხადებაში წერია, რომ საქპატენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს საავტორო უფლებათა ასოციაციაა, რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.
ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 მილიონ 822 ათასი ლარი. შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %, თუმცა 47 % გაიხარჯა. ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება - ამის შესახებ წერია საქპატენტის განცხადებაში.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარე გიგა კობალაძე "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ დასკვნაში ასახული ყველა მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნებს და დარღვევები არ დაფიქსირებულა.
"დასკვნაში ასახული ყველა მოქმედება, რომელიც ასოციაციამ განახორციელა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დასკვნა ვერ გაიცემოდა. მაშინ დაიწერებოდა არამოდიფიცირებული, ანუ უარყოფითი დასკვნა და უარყოფით დასკვნაში აისახებოდა დარღვევები. დარღვევები რადგან არ არის, ამიტომ დაიწერა მოდიფიცირებული დასკვნა. ადმინისტრაციული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს - ეგ არსად არ წერია. დარეგულირებულია ჩვენი წესდებით და შიდა დოკუმენტაციით, ყველა შიდა რეგულაციას შეესაბამება ეს ჩვენი მოქმედებები.
ერთადერთი ავტომობილია შეძენილი 2012 წელს, რომელიც არის დაახლოებით 3500 დოლარის ღირებულების და ეს საჭიროა იმისთვის, რომ განვახორციელოთ ლიცენზირება და ბათუმში არის შეძენილი 43 კვადრატული ოფისი, რომელიც საჭიროა იმიტომ, რომ ბათუმში 12 წელია არ გვქონია ოფისი, საჭიროა იქ ასოციაციას ჰქონდეს წარმომადგენლობა.
ნოდარ შენგელიას ბინძური ცილისწამებები მოვისმინეთ და ამას აუცილებლად სამართლებრივი რეაგირება მოყვება. არც ერთი მისი სიტყვა, რომელიც გუშინ თქვენს ეთერში ილაპარაკა არ შეესაბამება სინამდვილეს," - აცხადებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარე გიგა კობალაძე.
საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა საქპატენტმა შეისწავლა და აუდიტორული დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. როგორც საქპატენტში ამბობენ, მრავალი წელია საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის შესწავლა არ მომხდარა და მათ აუდიტორული დასკვნის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საავტორო უფლებათა ასოციაციის გარშემო არაერთი ბრალდება გაჟღერდა. მათი თქმით, დასკვნამ გამოკვეთა, რომ ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი.
"2021 წელს შეგროვებული ჰონორარების 47% გაიხარჯა ადმინისტრაციული ხარჯისთვის მაშინ, როცა ამავე ორგანიზაციის წესდებით ეს ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, ხოლო 2022 წელს შეგროვებული ჰონორარების 40% დაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯზე. მათი წესდებით, და ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით დადგენილია, რომ შეგროვებული თანხების მთავარი დიდი ნაწილი უნდა მიემართებოდეს ავტორებისკენ იმიტომ, რომ ეს მათი კუთვნილი უფლებების შედეგად მიღებული თანხებია და მცირე ნაწილი უნდა იხარჯებოდეს ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 80% უნდა მოხმარებოდა ავტორებს, ხოლო 20% უნდა დარჩენილიყო ადმინისტრაციული ხარჯისთვის.
რომც არ ეწეროს 20%, მიუხედავად იმისა, რომ წერია, ეს მას აძლევს იმის უფლებას, რომ ყოველი ჰონორარიდან თითქმის ნახევარი, 47%, თვითონ ორგანიზაციამ მოიხმაროს და მხოლოდ ნახევარი მისცეს ავტორს?
განმარტეს, რომ პანდემიური სიტუაციის გამო იძულებული იყვნენ მხოლოდ აუცილებელი ხარჯები დაეფარათ და ამიტომ ვერ მოხერხდა ავტორებისთვის მათი კუთვნილი ჰონორარების გადაცემა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმავე წელსაც ავტომობილი შეიძინეს, ხოლო 2022 წელს, როდესაც ასევე ხარჯვამ 20%-ის ნაცვლად, 40% შეადგინა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციამ შეიძინა ქალაქ ბათუმში უძრავი ქონება," - აცხადებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.