15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
გადაამეტა თუ არა პოლიციამ პროპორციულ ძალას 7-8 მარტის მოვლენების დროს - შს მინისტრის განმარტება და საკითხები, რომელზეც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ტრიბუნიდან სამართალდამცველების მიმართ ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა. ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით, პარლამენტში ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა მიიწვია განმარტებისთვის - გადაამეტა თუ არა პოლიციამ პროპორციულ ძალას 7-8 მარტის მოვლენების დროს? - მინისტრმა თქვა, რომ უწყების თანამშრომლებმა ღონისძიებები ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ დაიწყეს და აუცილებელი მოგერიების რეჟიმში მოქმედებდნენ.

მინისტრის მოსმენას არც მხოლოდ მარტის აქციების განხილვით და არც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გამოსვლებს მოჰყვა.

მანდატურების მობილიზების პარალელურად დეპუტატებს რამდენჯერმე პარლამენტის თავმჯდომარის მითითებაც დასჭირდათ, არ გაცდენილიყვნენ ინტერპელაციის საკითხს, თუმცა უშედეგოდ. მინისტრის მისამართით იყო კონკრეტული თხოვნაც.

ოპოზიციის ორმაგ სტანდარტსა და მათი მხრიდან წახალისებულ ძალადობაზე ისაუბრეს ტრიბუნიდან უკვე უმრავლესობის ლიდერებმა. თქვეს, რომ ძალადობრივი აქციის დაშლის საფუძველი ლეგიტიმური იყო და ოპონენტებს, ამ საკითხზე ახსნა-განმარტების მოთხოვნის მორალური უფლება არ ჰქონდათ.

დებატების შემდეგ, დეპუტატებს ისევ მინისტრმა მიმართა, მოვლენები ობიექტურად შეეფასებინათ. ვახტანგ გომელაურმა შემაჯამებელ სიტყვაში პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

დღის ამბები