ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას გუნდს კრიტიკის ნაცვლად, დასვენებას ურჩევს. 62 მუნიციპალიტეტიდან, ხაბეიშვილის ფლანგს მოწინააღმდეგე მხოლოდ 5-ში ჰყავდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ შიდაპარტიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართა. ახლად არჩეული მენეჯერისთვის არჩევნების გადადების ყველა არგუმენტი აბსურდულია და ფიქრობს, რომ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტით დაკომპლექტების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" გააძლიერა.
შიდაპარტიულ არჩევნებში, დემოკრატიული პროცესები ვერ დაინახა ნიკა მელიას გუნდმა, სადაც ფიქრობენ, რომ ახალი მენეჯმენტი პარტიას მიზანმიმართულად შლის. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გავლენების გაძლიერებაზე პირადად მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კეზერაშვილის ტრიომ იზრუნა.
პარტიული კრიტიკოსები ხაბეიშვილის გუნდმა მტრებად გამოაცხადა. "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი ამბობს, რომ ყოფილებს პარტიის წევრობის უფლება აღარ აქვთ, თუმცა მას აჭარიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პარტიაში განსხვავებული აზრის დევნა დაუშვებელია.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ჩრდილოვანი მმართველები, ხაბეიშვილს დავალებების შესასრულებლად იყენებენ.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში", უკვე 5 თვეა გრძელდება. ამჯერად უთანხმოების მიზეზი, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნებია, რომელიც 2 დღის წინ დასრულდა. ხაბეიშვილის გუნდს, მოწინააღმდეგე 62-დან, მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში ჰყავდა.
ავტორი: ანუკა ბუავა