პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვისა და კახეთში წვეულების ჩაშლის მოთხოვნით გამართული აქციების რეალური მიზანი, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. გასულ კვირას ოპოზიციამ, ჯერ მოსკოვიდან ჩამოფრენილი პირველი რეისი, შემდეგ კი, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქვეყანაში შემოსვლა გააპროტესტა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, ქვეყანა ყოველგვარი საერთაშორისო გარანტიებისა და ბლოკების გარეშე მშვიდობას ინარჩუნებს, რაც ხელისუფლების გონიერი პოლიტიკის შედეგია.
ბრალდებებს უპასუხეს "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთი მტერია შესაბამისად მასთან და მის მოქალაქეებთან ცივილური მიდგომა დამაზიანებელი.
ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულეს ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის ლიდერებმა ოპონენტებს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობაზე, წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენეს და თქვეს, რომ ქვეყანა ამ დროისთვის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. "ოცნებაში" განმარტეს ისიც, რომ სტუმრებთან მსგავსი ფორმით ურთიერთობა ქართულ მენტალობაში არ ჯდება, მითუმეტეს, რომ მათი თქმით, მიკა ვინოკუროვი თავად ანტიპუტინისტური აქტივობებით გამოირჩევა.
კახეთში, წვეულების მონაწილეებს მიუღებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ ფრენების აღდგენაზე მეტად, პრობლემა ოკუპანტთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობაა. ოპოზიცია კვლავ სავიზო რეჟიმს და რუსული საჰაერო ხომალდებისთვის ფრენის აკრძალვას ითხოვს.
ოპონენტების მხრიდან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილზე ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციის ნაწილის მოქმედება სწორედ ამ სურვილის მორიგი ლუსტრაციაა, რაც მისივე აზრით, საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად არის შეფასებული.
საპროტესტო აქციები, თბილისსა და კახეთში, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილის მეორე დღის წვეულებასა და რუსეთ-საქართველოს შორის, 2019 წელს რუსეთის მიერ გაუქმებული ორმხრივი ავიამიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.