კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიციის გეგმაა არეულობა და დესტრუქცია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ელენე ხოშტარია ფიგურირებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიამ თავისი მხარდამჭერები მოატყუა.
"ხოშტარიამ არ იცოდა, რომ ფიქსირდებოდა ვიდეოზე, ისე განაცხადა, რომ მან, ფაქტობრივად, იცოდა, რომ მაშინ მიდიოდა სასტუმროში და მიჰყავდა თავისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, როცა იქ უკვე ის ადამიანები, ვისაც აქციას უწყობდა, აღარ იყვნენ. რა გამოდის - ის აპრიორი ატყუებდა თავის მხარდამჭერებს, ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება აქვს მათთან. ზოგადად, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ჩანს, როგორი ხელოვნური ადამიანები არიან ესენი, სიყალბეზე დგას მათი დღის წესრიგი და, ფაქტობრივად, ესენი არიან ისინი, ვინც მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის პროგრესს,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ იცის, სტუმრები სასტუმროში აღარ არიან და "გააპარეს".