"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, არ იცოდნენ, თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსი სტუმრები სასტუმროში "ყვარლის ტბა" აღარ იყვნენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, პარალელურად, ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ სტუმრები სასტუმროში დროს ატარებდნენ.
"მსგავსი ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ დატოვებული სასტუმრო, ან ვინმეს ეს რომ სცოდნოდა, ჩვენ არ ვიცოდით ნამდვილად. ეს ადამიანები იყვნენ ჩამოსულები, გავრცელდა ვიდეოები და შესაბამისად, ჩავედით ყველა ერთად იქ გასაპროტესტებლად. ვინ რა იცოდა, ვინ რა არ იცოდა - ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია - ხელისუფლების პასუხები იყო არადამაჯერებელი, ვრცელდებოდა ვიდეოები, რომ ისინი იქ დროს ატარებდნენ და ღრეობდნენ უბრალოდ, შესაბამისად, პროტესტი იყო ოპოზიციის მხრიდან,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ მომენტში სტუმრები იქ იმყოფებოდნენ თუ არა.
"პრობლემა არის, რომ ამ ქვეყანაში შემოუშვეს და შემოდიან სანქცირებული პირები, ოკუპანტები და შემოდიან პუტინთან დაახლოებული პირები და მათი ოჯახის წევრები, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ იმ დღეს მოხდება გაპროტესტება თუ მეორე დღეს. ახლა დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, რომ წასულები არიან და დღეს, ხვალ, ზეგ პროტესტი რომ იყოს, არ უნდა გამოვხატოთ ამ ფაქტის მიმართ? ყოველდღე პროტესტი უნდა გამოვხატოთ, ჩასვლის დღესაც, ჩამოსვლის დღესაც, წასვლის დღესაც და ერთი კვირის მერეც," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ იცის, სტუმრები სასტუმროში აღარ არიან და "გააპარეს".