საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "დროასა" და "სირცხვილიას" მიზანი არეულობის წაქეზებაა. ამის შემდეგ მან ამ პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კანონის გვერდის ავლით, ყალბი NGO-ების გამოყნებით ხდება.
"დროა", "სირცხვილია" - ამ ჯგუფების დანიშნულება არის ერთადერთი - არეულობის წაქეზება. პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს დაფინანსებები არის. ჩვენ ვნახეთ, რომ "გირჩის" შემთხვევაში ხდება პირდაპირი დაფინანსება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს, ყალბი NGO-ების გამოყენებით, მათ შორის, სემინარების ჩატარება, სადაც იარაღის ტრიალი მიდის ახალგაზრდების მხრიდან, ხდება მათი შეგუება იარაღთან და ეს დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან. ასევე, "დროას" აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი NGO, რომლითაც პირდაპირ პარტიაში ხდება ფულის შესვლა საზღვარგარეთიდან. თან, ეს ფულიც არის სხვადასხვა წყაროდან - არის როგორც კეზერაშვილის დაფინანსება, ისე რუსეთიდან დაფინანსება, ზოგიერთი სხვა უცხოური ფონდებიდან დაფინანსება და მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი ვხედავთ რაც არის - არეულობის მოწყობა, რადიკალიზმი, ექსტრემიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ - დონორები, რომელთა ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, გაემიჯნონ ამ ორგანიზაციებს, რადგან ამას იქით ნებისმიერი ასეთი ექსცესი, ნებისმიერი შემთხვევა, ვინმე რომ დაშავდეს, იქნება ამ დონორების მხრებზე,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ "დროა" რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და უნდა გასცენ საზოგადოების კითხვებს პასუხი, თუ რა მიზნით იღებენ ამ დაფინანსებას.
"მათ არ აინტერესებთ სიმართლე, აქვთ ერთადერთი დავალება და ინტერესი, რომ ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ზუსტად ამას ემსახურებოდა. ანუ, თვითონ იგონებენ ფაქტებსაც, თვითონ არქმევენ სახელსაც, არჩევენ დროსაც და აწყობენ ამ ფარისევლურ სპექტაკლებს, რომელიც, სინამდვილეში, არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, არამედ ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული. ადამიანები, რომელიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთის ფედერაციიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და თავს არ უნდა არიდებდნენ ამ კითხვებზე პასუხებს, რომელზეც დღესაც საზოგადოებამ არ იცის, თუ რისთვის და რატომ, რა მიზნით იღებს ამ დაფინანსებას რუსეთის მხრიდან,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.