პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დოჰაში და მის სიტყვით გამოსვლას, გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ პრემიერი საქართველოს სახელით არასწორ განცხადებებს აკეთებს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პრემიერი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.
"ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. უკრაინა ჩვენგან ითხოვს მეგობრობას საერთო მტრის წინააღმდეგ და ითხოვს იმას, რომ მკვლელ პუტინს არ მისცეს ეკონომიკური დოვლათი,"- აცხადებს ხაბეიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერი მშვიდობის რუსულ მოდელს უჭერს მხარს.
"ამ ყველაფერს ფასი აქვს ნული, როდესაც საქართველოს სახელით პრემიერი ამბობს, რომ მშვიდობის რუსულ მოდელს უჭერს მხარს- მან ეს განცხადება გააკეთა. რაზე ვსაუბრობთ? რა ფორმალისტურ ხელის მოწერებზე ვსაუბრობთ საერთოდ?,"- აცხადებს ვაშაძე.