15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ამ ქვეყანაში გადატრიალებები, გადმოტრიალებები, შევარდნები და გამოვარდნები, ყოველთვის იქნება რუსული სცენარი, ეს უნდა გაიგოს ყველამ - ანა ბუჩუკური 

გივი თარგამაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ "პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს", შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ძალადობრივ მეთოდებს ემიჯნება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარგამაძის პოზიციას იზიარებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ქვეყანაში გადატრიალებების დაგეგმვა მხოლოდ რუსული სცენარი იქნება.

"გივი თარგამაძე საერთოდ საინტერესო არ არის პირადად ჩემთვის, ჩემი აზრია, რომ არასდროს ეს ადამიანი საინტერესო არ იყო. რაც შეეხება მსგავს განცხადებებს, ამ ქვეყანაში გადატრიალებები, გადმოტრიალებები, შევარდნები და გამოვარდნები, ყოველთვის იქნება რუსული სცენარი, ყოველთვის. ეს უნდა გაიგოს ყველამ. გივი თარგამაძე იქნება თუ სხვა,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდად, მაგრამ მძლავრი საპროტესტო აქციებით უნდა უპასუხოს ხელისუფლებას.

"როდესაც გართმევენ ქვეყანას, როდესაც გართმევენ თქვენ და თქვენ შვილებს ევროპულ მომავალს, როდესაც მონობისთვის გწირავენ, როცა ხელისუფლება ყრუ და მოღალატეა, პირდაპირ არის გარიგებული ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან, მაშინ რჩება ერთადერთი გამოსავალი, თავგანწირვით ვიბრძოლოთ ქუჩაში, რათა "რუსული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში" - ამბობს ანა წითლიძე.

პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნებისმიერი აქცია უნდა იყოს არა ძალადობრივი.

"ნებისმიერ აქცია რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადამიანების უფლებების დაცვის კონტექსტში პოლიციის მხრიდან, არა ძალადობრივი და აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება. ეს არის ძალიან რეალური მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს ყველაფერი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები