24 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
მოსკოვში მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა, უკანასკნელ პერიოდში ის არაერთხელ სწვევია რუსეთის დედაქალაქს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე - საპატრიარქო 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა.

"მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ: საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თავადაც დაადასტურა, რომ ვიზიტი ოფიციალური არ იყო. როგორც მან განაცხადა, მოსკოვში წირვაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქთან შეთანხმება ვერ მოასწრო.

დღის ამბები