15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი, დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად - ირაკლი ღარიბაშვილი

თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად.  მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა.
 
"დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ  ამ ვალდებულების შესრულებას," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები