"რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და "ერთმორწმუნე ძმის" მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 26 მაისია დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ვამზადებდეთ ახალი თაობის უკეთეს მომავალს.
"ეს დღე თავისით არ მოსულა. იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გაწირეს და ძალა არ დაიშურეს. ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით თავისუფლების და მშვიდობის ფასი. გვესმოდა, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია. ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ და მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას, თუ მტრობას არ ისახავდნენ.
რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და"ერთმორწმუნე ძმის" მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც. 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ქართველში ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი. პირიქით, რაც მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ ღირსებით, ამ პრინციპებით და ამ შეგნებით მოვედით.
26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება. დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ვამზადებდეთ ახალი თაობის უკეთეს მომავალს! დღე ზეიმის და ამაღლებული განცდების. ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობა. ამავე დროს ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.
დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს - შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომით და ჟინით შეძლეს და საქართველო ასახელეს კულტურაში, სპორტში, თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნიან. იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას. იმედი გვიჩნდება, მაშინ, როცა იქ მცხოვრები ქართველები ყოველგვარ შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას. სიამაყის განცდა გვეუფლება, როცა ვუყურებთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ურთულესი პირობების მიუხედავად, მტერს არ ნებდება, გატაცებებმა ვერ შეაშინა და ვერ გააძევა საკუთარი სახლიდან," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.