საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ სასტუმრო "ყვარლის ტბაზე" მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების ნათესავებმა საქართველოში ქორწილის გადახდა დააპირეს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
"და ყველაზე მთავარი იმედი - ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამეთუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.
მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდა დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!
არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.
დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.