25 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
"თავისუფლების სიყვარულით", 26 მაისის მთავარი სლოგანი - როგორ აღნიშნა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღე

"თავისუფლების სიყვარულით" წლევანდელი 26 მაისის მთავარი სლოგანია. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანამ თავისუფლების მოედნიდან დაიწყო.

ასობით რეკრუტის ფიცის დადების ამაღელვებელ ცერემონიას მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

კონცეფცია ბოლო წლებში უცვლელია და უკვე ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი ჯარისკაცები ზუსტად ერთსა და იმავე დროს დადებული სამხედრო ფიცით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან.

რეკრუტები რეგიონებში ფიცის დასადებად ღონისძიების დაწყებისთანავე განლაგდნენ, თუმცა, მათი თანამებრძოლების ნაწილს, რომლებიც თბილისში გაანაწილეს, მოცდა მოუწიათ. მოედანი ჯერ რიგითობის და სცენარის მიხედვით თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფის სამხედროებმა დაიკავეს. აქ კოლოფებად მარშირებდნენ იუნკრები, კადეტები, დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების ქვეითი ბრიგადების ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის დანაყოფი, სპეციალური ოპერაციების ძალები, ნატოს სწრაფი რეაგირების ასეული, საინჟინრო ბატალიონის სამხედროები, საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ- არმიის სამხედრო მოსამსახურეები. კულმინაცია მოედანზე რეკრუტების გამოჩენა იყო, რასაც ფიცის დადების ცერემონია მოჰყვა, თუმცა მანამდე იყო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლო.

მთავარსარდლის მისალმების შემდეგ საპატიო ყარაულმა მოედანზე შემოიტანა და აღმართა ქვეყნის მთავარი სიმბოლო ეროვნული დროშა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ფიცი ჩაიბარა და მთავარსარდალს მოახსენა, რომ ასეულობით რეკრუტმა ფიცი დადო. შემდეგი ეტაპი უკვე მილოცვა და პრეზიდენტის სიტყვა იყო.

რეკრუტებს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შესვლა და მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიულოცა. ტრიბუნა დაიკავეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმაც.

მოედანზე ახლად მოდერნიზებულმა ვერტმფრენებმა და ავიაგამანადგურებლებმა გადაიფრინეს და ცაზე საქართველოს დროშის ფერები დატოვეს.

დღის ამბები