25 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
სრულდება თუ არა დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - სიტყვიერად ნათქვამ მშვიდობას ორი ქვეყანა, ოფიციალურ დოკუმენტზე, მოლდოვაში დაგეგმილ ევროპის სამიტზე გადაიტანს

საქართველოს კვალდაკვალ, 105 წლის წინ, დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც გამოაცხადა, ორივე მეზობელმა, საქართველოს მსგავსად, გაიარა რამდენიმე ომი და დღემდე მათ ტერიტორიული დავა აქვთ.

მშვიდობისმყოფელის როლის მორგებას, ამჯერადაც, მოსკოვი ცდილობს, თუმცა მხარეებზე ისეთ გავლენას ვეღარ ახდენს, როგორც წლების წინ. მოსკოვში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა კამათით დაიწყო, სომხეთის პრემიერს, პრეზიდენტ ალიევის ნახსენები სიტყვა "დერეფანი" არ მოეწონა. საუბარია ზანგეზურის დერეფანზე, რომელსაც ოფიციალური ერევანი ლაჩინის გზას ეძახის. მარშრუტი ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს და მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში დიდი ეკონომიკური დატვირთვის მატარებელია.

ნიკოლ ფაშინიანმა ჯერ კიდევ ორშაბათს განაცხადა, რომ მზად არის აღიაროს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად, იმ პირობით, თუ სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება. თავის მხრივ, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ერევანს ტერიტორიულ პრეტენზიებს აღარ უყენებს და მისთვის ახლა მთავარია სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაზიანდეს.

ერთ კვირაში მოსკოვში ახალი შეხვედრაა დანიშნული, რომელზეც ორ ქვეყანას შორის ტექნიკური საკითხები უნდა განიხილონ, მათ შორის საზღვარზე საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის შესახებ. დღის ბოლოს კი, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიტყვიერად ნათქვამ მშვიდობას ორი ქვეყანა ოფიციალურ დოკუმენტზე მოლდოვაში დაგეგმილ ევროპის სამიტზე გადაიტანს.

დღის ამბები