20 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, თბილისის გარდა, 15 ქალაქში მოეწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისის გარდა კიდევ 15 ქალაქში მოეწყო. თავისუფლების მოედანზე ქართველი სპეციალისტების მიერ ქართული ჯარისთვის შექმნილმა საბრძოლო მანქანებმა მოქალაქეების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. საარტილერიო დანადგარი "დანა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ -160, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა ”ატლასი” და ქართული წარმოების ჯავშანმანქანა ”დიდგორის” რამდენიმე მოდიფიკაცია.

"დიდგორის" შემქმნელმა "დელტამ" დამოუკიდებლობის დღეზე ახალი საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანის პრეზენტაციაც გამართა. ძრავს, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა, 10 კაციანი ეკიპაჟით და საწვავის ერთი განწყობით 900 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ არანაკლებ შთამბეჭდავია უსაფრთხოების ზომებიც.

ჯავშანმანქანების გარდა "დელტამ" კიდევ რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მორიგი მიღწევა - ორი სრულიად ახალი ტიპის სნაიპერული შაშხანა იყო. კალიბრით 3.3.8. რომელიც წელს შეიმუშავეს. ასევე, ახალი ჯავშანჟილეტი, განტვირთვის მოდულური ეკიპირება და 5 სხვადასხვა ტიპის და კალიბრის მაყუჩი.

არანაკლები ყურადღება მიიქცია ყუმბარტმყორცნებმა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებმა, ნაღმებმა, ტაქტიკურმა ეკიპირებამ, სხვადასხვა კალიბრის და მოდიფიკაციის ავტომატურმა ცეცხლსასროლმა იარაღებმა და ტყვიამფრქვევებმა. თავდაცვის ძალების პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა მათი გამოყენების წესი ბავშვებთან ერთად უფროსებსაც გააცნეს.

ქართული ჯარის შეიარაღება ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსენალის განახლებასთან ერთად, მათი მთავარი ამოცანა ჯარისკაცების უახლესი ეკიპირებით აღჭურვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

დღის ამბები