14 ოქტომბერი 2024,   21:40
ვრცლად
არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და ფრენებთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია-ილია დარჩიაშვილი

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და ფრენებთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“. ამასთან, ჟურნალისტებმა ილია დარჩიაშვილს ჰკითხეს იმის შესახებაც, რომ პუტინის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიცია ფარულ მოლაპარაკებაზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, თქვენ ახსენეთ ოპოზიცია და ოპოზიცია ამ ბოლო დროს მიეჩვია უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის უკანაც არაფერი დგას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვიწევს ამაზე რეაგირება და ჩვენი მოსახლეობისთვის ახსნა, რაზე ლაპარაკობენ. ესეც მსგავსი შემთხვევაა. მე არ ვიცი, რატომ მიეცა ამ საკითხს ასეთი ფორმა. ფრენებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან და არც ფრენებთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია. ეს არაერთხელ ვთქვით და დღესაც მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს არის მოცემულობა. რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვრჩებით იმ განცხადებების ფორმატში, რაც იყო მთავარი ლაიტმოტივი. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები