15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს ახორციელებს - ირაკლი კობახიძე

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებზე უარს აცხადებს. აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შემდეგ უმაღლეს საბჭოში ადგილები კვლავ ვაკანტური დარჩება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

"მათ არ სურთ, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს არის მათი პოზიცია. ისინი ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა დაიკავებს კონსტრუქციულ პოზიციას. თუმცა ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ მაინც მოვახერხებთ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევას," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიცია არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ხელს უშლის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს.

"ოპოზიცია ცდილობს ყველა შემთხვევაში ხელი შეუშალოს საქართველოს წარმატებას, თუნდაც ამ 12 რეკომენდაციის მიმართულებით. ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათთვის სახელმწიფოსთვის ხელის შეშლა მისაღები ფორმაა. ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ საიმისოდ რომ რეალურად ჩვენ მოგვენახა შესაძლებლობა მაღალი კონსენსუსით აგვერჩია კონკრეტული წევრები. ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ ამას ხელი შეუშალონ.

კონსულტაციები უნდა გაიხსნასო, გავხსენით ეს შესაძლებლობა ბევრად უფრო ადრე, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ამას აზრი არ ჰქონია, მაშინ მანამდე რატომ აყენებდნენ ამ მოთხოვნას?! ფაქტია, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად ოპერირებენ ქართულ პოლიტიკაში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციაში გამოჩნდება რამდენიმე წევრი მაინც, ვისაც ეყოფა ის პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ვიწრო პარტიული ინტერესიდან და ქვეყნის ინტერესი წინ დააყენოს.

დღის ამბები