"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ პუტინი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე საუბრობდა, რომელიც ახლა ფრენების აღდგენას აპროტესტებს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აქტიურად მუშაობდა როგორც სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ასევე ფრენების აღდგენაზე.
"რეალურად პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია.
როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, გულისხმობდა როგორც ჩანს "ნაცმოძრაობას".
რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს.
ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პუტინის ხელისუფლებასთან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ვიზების გაუქმების შემდეგ საქართველოში გამოხატული პროტესტის გამო გაკვირვება გამოთქვა. ამის შესახებ მან "დელოვაია როსიას" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.