15 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს პრემიერ-მინისტრი, საკანონმნდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ

ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა - ნეშთი სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. პანაშვიდს ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, საკანონმნდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები. პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვა წარმოთქვეს. მათ ალექსანდრე ლომთათიძის ღვაწლზე და მის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე.

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ნეშთი საქართველოში დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში ჩამოასვენეს.

"დღეს კიდევ ერთი მამულიშვილის ნეშთი სპოვებს სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ მიწაში. თვალსაჩინო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი. ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს.

თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული გეოგრაფიით ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უზბეკეთში, ბატონ ზურაბ აბდუშელიშვილს, უზბეკეთის მთავრობას ამ საქმის ორგანიზებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქის, ილია მეორეს წერილი წაიკითხა.

"ბატონ ალექსანდრეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში. 99 წლის შემდეგ, ღვთის ნებით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მშობლიურ მიწას უბრუნდება მისი ნეშთი. მისი ჩამოსვენება ტკივილთანაც არის დაკავშირებული და სიხარულთანაც. ტკივილთან იმიტომ, რომ გვახსენდება ათეისტური მმართველობის უმძიმესი პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა. სიხარულთან კი იმიტომ, რომ ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ალექსანდრეს უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალსა დააწესოს იგი, ხოლო მისი შთამომავალთა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა. ღმერთმა აცხონოს საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის შეწირული ყოველი მამულიშვილი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, 27 მაისი, 2023 წელი," - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის სახელით თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.

"იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებაში და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, საქართველოს პარლამენტის სახელით ალექსანდრე ლომთათიძე დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, რაც გახლავთ დიდი პატივი ჩვენი პარლამენტისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ დღეს ალექსანდრე ლომთათიძის დაკრძალვა სიმბოლურია, რადგანაც 27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნებოდა.

"ემოციური და ამავდროულად, ძალიან სიმბოლური დღეა, რადგან საქართველოში ჩამოვასვენეთ უზბეკეთის რესპუბლიკიდან ქართველი მამულიშვილი, პოლიტიკური მოღვაწე - ალექსანდრე ლომთათიძე. ჩვენ 2 დღის წინ აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, გუშინ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა ჩვენი საზოგადოების ძალიან ღირსეული ნაწილისთვის- დიასპორელებისთვის, რომლებიც ჩამობრძანდნენ საქართველოში, რადგან 27 მაისი არის ქართული დიასპორის დღე და სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ დღეს ქართულ მიწას მივაბარებთ ალექსანდრე ლომთათიძეს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ ეამაყება ქართულ-ეროვნულ საქმეში მონაწილეობის მიღება.

"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გვხვდა წილად ამ კეთილშობილური ქართულ-ეროვნულ საქმეში მონაწილეობა. სიმბოლურადაც დაემთხვა - 100 წლის შემდეგ, 26 მაისს ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი დაუბრუნდა საკუთარ, მშობლიურ მიწას," - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, ზურაბ აბდუშელიშვილმა.

დღის ამბები