15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის თურქეთში მიმდინარე არჩევნებს - ერდოღანის მრავალწლიანი მმართველობა

რეგიონის ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს რა შედეგით დასრულდება არჩევნები თურქეთში, ქვეყანაში რომელიც საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი სახელმწიფოცაა - 2002 წელს ცოტა თუ იფიქრებდა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელსა და გვარს 20 წლის შემდეგ ისევ ნახავდა. მაშინ სულ სხვა არჩევნები ტარდებოდა, სულ სხვა თურქეთში. ერდოღანიც სხვა იყო - პოლიტიკაში სტუდენტური მოძრაობიდან მისულმა, რამდენიმე მარცხის შემდეგ სტამბოლელების გულის მოგება შეძლო და 1994 წელს ქალაქის მერადაც დაინიშნა.

შემდეგ კი იყო პატიმრობა - 1997 წელს წარმოთქმული, მისი აზრით ერთი უწყინარი სტროფის გამო, რომელიც როგორც ჩანს მაინც საწყენი გამოდგა. სასამართლომ მას რელიგიურ ძალადობაში და რასობრივი სიძულვილის წაქეზებაში დასდო ბრალი. პოლიტიკაში მონაწილეობაც კი აუკრძალეს. მაგრამ "ეს სიმღერა ასე არ მთავრდება" - ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ამ სახელწოდებით გამოსცა ერდოღანმა ციხეში წასვლის წინ ალბომი, რომელიც მის მიერ წაკითხული 8 ლექსისგან შედგებოდა და მილიონობით ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ, იმ დროის ყველაზე გაყიდვად ალბომადაც კი იქცა.

2003 წლიდან უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ქვეყნის სათავეში ყოფნა 2014 წელს, უკვე პრეზიდენტის რანგშიც განაგრძო და დღემდე იქ არის. პოლიტიკურ გარიჟრაჟზე მას იცნობდნენ, როგორც პროდასავლელ დემოკრატს, კონსერვატიული ფესვებით. უკვე 20 წლის თავზე კი კრიტიკოსები და კონკურენტები საუბრობენ მასზე, როგორც ავტორიტარზე - ადრინდელი, მაგრამ განსაკუთრებით 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპრესიებად შეფასდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ვერავინ უარყოფს, რომ უკვე საგარეო ასპარეზზე ერდოღანმა თურქეთს ანგარიშგასაწევი ძალის პოზიციები გაუმყარა. მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანისა თუ რუსეთ-უკრაინის ომებში, ნატოს გაფართოების კონტექსტში. საგარეო ასპარეზზე ერდოღანი პოზიციონირებდა ლოზუნგით - "გაიჩინე მეგობრები და არა მტრები." მეზობელ საქართველოს კი იგი არათუ მეგობრად, არამედ სტრატეგიულ პარტნიორად ხედავს. შემთხვევითი არც ისაა,რომ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იგი ოქროს საწმისის ორდენის მფლობელიც კია.

თურქეთი იმ პირველ ქვეყნებს შორისაა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. იმ დღიდან საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარებოდა - სამხედრო, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ერდოღანის პრემიერობის მეორე წელსვე, 2005 წელს გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. 2006-ში გახსნილმა გაზსადენმა კი აზერბაიჯანში მდებარე შაჰდენიზის გაზის საბადო თურქეთთან სწორედ საქართველოს გავლით დააკავშირა. ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა საქართველო-თურქეთს შორის. 2007 წელს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველოში თურქული ინვესტიციები მატულობს. 2017 წელს იხსნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლითაც საქართველომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს დააკავშირა. თურქეთი დაეხმარა საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში (TAV).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ერთად, თურქეთი,როგორც წონიანი ნატოელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ლობირებს. ანკარას მოკავშირეებისთვის არაერთხელ უთქვამს ღიად, რომ არ ესმის, თუ რატომ არ არის თბილისი ჯერ კიდევ მიწვეული ნატოში, და რატომ არ აქვს მას მაპი. თურქეთი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას, ამის ნათელი მაგალითი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებისთვის თურქეთში შესვლის აკრძალვაა. ასევე ე.წ. არჩევნებისთვის თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი.

მეგობრებმა სოლიდარობა ერთმანეთს კრიზისულ მომენტებშიც დაუმტკიცეს, სულ ბოლოს 2023 წლის თებერვალში. გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ,მეზობელ ქვეყანას უმძიმეს წუთები დაუდგა. საქართველომ იქ მალევე გაგზავნა დახმარება. მათ შორის 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ამ საქმეში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ. ნანგრევებში მოყოლილების ამოყვანაში კი 100 ქართველი მეხანძრე-მაშველები ჩაერთო. თურქულმა მხარემ ისინი მოგვიანებით დააჯილდოვა კიდეც.

მანამდე კი იყო ხანძარი ბორჯომში, რომლის ჩასაქრობადაც ანკარამ თბილისს რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავები გამოუგზავნა, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მხარეები აქტიურად თანამშრომლობდნენ კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებში. სამედიცინო მიმართულებით ახლახან მორიგი სიახლე გახდა ცნობილი, რომ შეთანხმება შედგა თურქეთიდან ქართულ ბაზარზე მაღალი ხარისხის დაბალფასიანი მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე შემოტანის შესახებ.

ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში რამდენიმე მაღალი რანგის ვიზიტმაც ითამაშა თავისი როლი. მხარეები ერთმანეთს მუდმივად მეგობრულად ხვდებიან და წლების მანძილზე ერთმანეთის მიმართ სანდო და საიმედო პარტნიორებად იქცნენ, რაც ბევრისთვის რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. 

დღის ამბები