15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე - დებატების მთავარი თემა, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობები იყო

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. ოპოზიციამ, პროტესტის ნიშნად, დარბაზში საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინა.

დებატების მთავარი თემა, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობები იყო, ამ კონტექსტში განცხადებები გაკეთდა ელჩების დემარშთან დაკავშირებით.

ოპოზიციამ მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, რასაც ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ამ დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო დროშა არის განთავსებული, თქვენ რასაც აკეთებთ, დაკეცილ დროშას, რომ "სკოჩით" რომ აწებებთ ამ პარლამენტში, ეს არის დროშის უპატივცემულობა, პირველ რიგში დროშას ეცით პატივი და ამ დარბაზს ეცით პატივი. "სკოჩით" რომ აწებებთ დროშას, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ საერთოდ, იქნება ეს საქართველოს თუ ევროკავშირის დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და სინამდვილეში თქვენ დროშას კი არ სცემთ პატივს, ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მმართველი გუნდი ვერ შეძლებს ვერც ევროპის დროშის და ვერც ევროპული მომავლის წართმევას.

"პირველად, ევროკავშირის დროშა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღმართა საქართველოს პარლამენტის წინ და მას შემდეგ, ყოველ წელს ევროკავშირის დროშა, როგორც ჩვენი ხალხის ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი, ყოველთვის ამაყად ფრიალებდა საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით. ვერ წაგვართმევთ ვერც ევროპის დროშას და ვერც ევროპულ მომავალს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ევროკავშირის დროშის საკითხი ოპოზიციის მორიგი სპეკულაციის ინსტრუმენტია.

"ის რაც ამ 16 მაისს ვიხილეთ და რისი სპეკულაციის გაგრძელებასაც ახლა ჩვენ აქ დარბაზში ვუყურებთ, ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო რამ. რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ სასპეკულაციოდ და როგორც იტყვიან ხოლმე, ყალბი დროშა მოიგონეს, რომ რატომ არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა, არადა ნათლად ჩანდა პარლამენტის წინ დიდი ევროკავშირის დროშა. ახლა მიხვდნენ, რომ თურმე მარტო ევროკავშირის დროშით საქართველოში ვერ იცხოვრებენ, საქართველოს დროშაც ყოფილა საჭირო და ეს სამარცხვინო პერფორმანსი მოაწყვეს აქ. ბევრი რამე შეიცვლება ამ სამყაროში, მაგრამ მუდმივად დარჩება საქართველო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

დღის ამბები