საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად, ქვეყანას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
"გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ცუდი უბრალოდ ის არის, რომ მეგობარი ქვეყნის ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და ჩვენთვის,"- აცხადებს სოზარ სუბარი.
პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას თქმით, მისთვის გაუგებარია პოლიტიკურად რაში აწყობდა საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენა.
"საკითხი ძალიან მარტივად დგას, აქ არის ღირებულებითი კონფლიქტი, რას ვანიჭებთ უპირატესობას. უპირატესობას ვანიჭებთ ეკონომიკურ კეთილდღეობას თუ ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთს მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას. პოლიტიკურად რაში გვაწყობდა პირდაპირი ფრენების აღდგენა", - განაცხადა კორძაიამ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნებისმიერ უარი ფრენების მიღებაზე, ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებაზე.
"მოსკოვის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისკენ რომ არ არის მიმართული ამას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება, რომ ამოვიცნოთ. საქართველოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნებისმიერ უარი ფრენების მიღებაზე, ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებაზე. საქართველო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, დღეს რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებს თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოს გავლით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.