26 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
ათობით დაშავებული ადგილობრივი და ნატოს ჯარისკაცები, დამწვარი მანქანები და სამხედრო ტექნიკა - უკვე რამდენიმე დღეა კოსოვოში ვითარება დაძაბულია

ათობით დაშავებული ადგილობრივი და ნატოს სამშვიდობო მისიის სამხედროები, დამწვარი მანქანები და სამხედრო ტექნიკა - უკვე რამდენიმე დღეა კოსოვოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. არეულობა კოსოვოს 4 მუნიციპალიტეტში, ეთნიკური სერბების პროტესტს მოყვა. დემონსტრანტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ ქალაქებში მერის პოსტებზე ალბანელების დანიშვნა. ეთნიკური სერბების კიდევ ერთი მოთხოვნა, მუნიციპალური შენობებიდან ნატოს სამხედროებისა და ადგილობრივი პოლიციის გასვლა იყო.

პროტესტი კონტროლს გასცდა. მედიის ინფორმაციით, კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა ქალაქ ზვეჩანში ადმინისტრაციულ შენობაში ძალით შეღწევა სცადეს. ნატოს ჯარებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გაუშვეს. მათ საპასუხოდ კი, აქციის მონაწილეებმა სამხედროებსა და პოლიციას ქვები, ბოთლები და ასაფეთქებლები ესროლეს.
 
ნატოს სამხედროებთან შეტაკება დაგმო კოსოვოში ნატოს მისიამ და ევროკავშირმა. ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს დააკისრა, სერბებს კი მოუწოდა, არ დაუპირისპირდნენ ნატო-ს ძალებს. ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
 
ოთხ მუნიციპალიტეტში ვადამდელი არჩევნები 1 თვის წინ ჩატარდა. პროცესს ეთნიკურმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან მერის თანამდებობებზე მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან უმცირესობათა წარმომადგენლები დანიშნეს. სერბები უმრავლესობას მხოლოდ კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ. მოსახლეობის 90% ეთნიკური ალბანელია.
დღის ამბები