ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ტვიტერზე" ეხმიანება. როგორც შალვა პაპუაშვილი ვრცელ პოსტში წერს, განსხვავებული, დიდწილად - განგებ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.
"დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს უფლება საკუთარი სიტყვა თქვას, როდესაც საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვებიც სწორად უნდა იქნას გაგებული," - წერს პაპუაშვილი.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფლება აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორმაგი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს არაერთხელ მოეპყრნენ უსამართლოდ და გარკვეულწილად, თვალთმაქცურად.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, საბჭოთა კავშირის დროიდან, ბევრჯერ დადგა საფრთხის ქვეშ - ჯერ რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმის, შემდეგ კი - რუსეთის პირდაპირი შემოჭრით, 15 წლის წინ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამავე კონტექსტში, უკანონო ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზეც საუბრობს. თუმცა, როგორც პაპუაშვილი წერს, დასავლელი მეგობრების რჩევით, საქართველო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იყენებდა.
მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც ეხმარება - მაგალითად აცხადებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი სამხედრო პერსონალი ჰყავდა ავღანეთში ნატოს ოპერაციებში.
პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს დაუწესეს იარაღის დე ფაქტო ემბარგო და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ვაჭრობა მოსკოვთან უპრეცედენტოდ გაზარდეს. პაპუაშვილის თქმით, ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდოს.
"მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლურად, საქართველოს ახლა აუხსნელად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის "პრორუსული". ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა, იყო რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სკრუპულოზურად ახორციელებდა მრავალი წელი“, – წერს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ნაწილია.
"პირველი, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, "გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც იმ ქვეყნებს, რომელთაც ნატოს მე-5 მუხლი იცავთ.
მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო(თუმცა არასოდეს დავუშვებთ სანქციების რეჟიმის გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით). ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, რუსეთს კი მცირე ზიანს თუ მიაყენებს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.
და მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ახალი შესული არიან ნატოსა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების დროს სრულყოფილები არ იყვნენ), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს ვითარებაზე. ნატოსა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინ, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარა მოწინავეები ვიყავით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ არასწორი კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების საკითხებში და მოგვანიჭონ ნატოსა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. ბოლო 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, ევროკავშირისა და ნატოს მოედნებზე“, – წერს პაპუაშვილი.