ხანგრძლივი პაუზისა და აპრილში გადადებული ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნისთვის, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრეზიდენტის ვიზიტს და მის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ.
ოპოზიციაში ელოდებიან, რომ ზურაბიშვილი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელშეწყობაზე გააკეთებს აქცენტს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მათ პოზიციებს არ ემთხვევა, თუმცა იმედოვნებენ რომ ის ევროპარლამენტის ტრიბუნას დღეს საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და წარმატებაზე სასაუბროდ გამოიყენებს.
სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერეს, ბრიუსელი საქართველოს საერთო ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას უდასტურებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი დონის სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ევროპული არჩევანის ადვოკატად ესახება ბრიუსელში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოსვლა და ეს იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ ევროპამ ქართველი ხალხის ხმა გაიგოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.