22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
"ერთმანეთის კინკლაობამ არ გაგვიტაცოს, ამ პოლუსების შექმნის დროს" - ვინ ითანამშრომლებს ენმ-სთან

ვინ ითანამშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას და ამ ფორმით თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის არის "ლელო". პარტიის პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, თუმცა აქ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება. 

რაც შეეხება თავად "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის ცვლილება მხოლოდ ენმ-ს შეუძლია, ამასთან მზად არიან ითანამშრომლონ ყველა პროდასავლურ პარტიასთან.

"ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მთავარი ძალა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად და შესაბამისად, ამ არჩევნებზე ჩვენი ამოცანა იქნება რუსი ოლიგარქის დამარცხება, ხოლო ამ პარტიების ამოცანა იქნება 5%-ის გადალახვა. თუმცა, ჩვენ მივესალმებით მათ ამ ინიციატივასაც, მხარს დავუჭერთ და კარგი იქნება თუ გადალახავენ ამ ბარიერს, რადგან ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის, ეს არის ხალხის დაკვეთა და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე კი ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, კინკლაობაზე არ გადაერთონ და მთავარ მიზანზე კონცენტრირდნენ.

"ბადრი ჯაფარიძის, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებას, რომ სურვილი აქვთ შექმნან მესამე პოლუსი... არ დაგვავიწყდეს მთავარი, ერთმანეთის კინკლაობამ არ გაგვიტაცოს, ამ პოლუსების შექმნის დროს, არ დაგვავიწყდეს "ქართული ოცნება" და ის, რომ ქვეყანა არის საფრთხის წინაშე

თუ, როგორც გრძელდება აქამდე, მთავარი საკითხი იქნება ხაბეიშვილმა რა უთხრა მელიას და მელიამ რა უთხრა ხაბეიშვილს და ამაზე დაიხარჯება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, ვერასდროს საერთო ენას ვერ გამოვნახავთ," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გახარიას გუნდში კი მიაჩნიათ, რომ უმჯობესია ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს მიხედოს.

"ჩვენ არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი, განცდები საზოგადოებას, რომ რაღაცა მიზიდულობის ცენტრები შეიქმნება, ან ერთი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება და ამ მიზიდულობის ცენტრის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდება ყველა ოპოზიციური პარტიის. ეს ასე ვერ მოხდება და ამის გამოცდილება ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. არასოდეს ამას არ ჰქონდა შედეგი, როცა ამაში მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ხდებოდა მთლიანად დისკრედიტაცია პარტიების და ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ადრეა თეორიულად განხილვა კონსოლიდაციის ცენტრების და ა.შ. ყველამ, ჯობია, მიხედოს ჯერ თავის ამომრჩეველს," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

 

დღის ამბები