22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლები, უკვე მონიშნულია FIS-ის კალენდარში.

"ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას და მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ,“ - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ. მისი თქმით, ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალ-მარტში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ მიიღო. „ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, უახლესი ინფრასტრუქტურითა და კარგად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოჩენილიყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები. არაერთხელ იყო აღნიშნული მათ მიერ, რომ იდეალურად შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამიტომ მუდმივ კალენდარში მოვხვდით, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის," - აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.

ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მაღალი რანგის დელეგატები კლაუს ვალდნერი, უვე ბეიერი და ალბერტო სკიავონი ეწვივნენ, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.

საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023) , ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო კონკრეტულად კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო, ისეთ წამყვან ქვეყნებს შორის, როგორიც არის : შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ, კანდა და სხვა.

დღის ამბები