09 ოქტომბერი 2024,   02:15
ვრცლად
The Washington Post :აშშ-ს ჰქონდა ინფორმაცია უკრაინელების გეგმის შესახებ, თავს დასხმოდნენ "ჩრილოეთის ნაკადს"

The Washington Post პენტაგონიდან ინტერნეტში გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარ დივერსიამდე სამი თვით ადრე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ახლო მოკავშირისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის უშუალო მეთაურობით, გაზსადენზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ინფორმაცია დივერსიის გეგმების შესახებ 2022 წლის ივნისში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვამ მიაწოდა.

CIA-მა ინფორმაცია გერმანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა, თუმცა თავდაპირველად ინფორმაციის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა, ვინაიდან უკრაინული წყაროს სანდოობა ჯერ დადასტურებული არ ჰქონიათ (ევროპული ქვეყნის დაზვერვა ამ წყაროს სანდოდ მიიჩნევდა).

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხედროები უშუალოდ ვალერი ზალუჟნის ექვემდებარებოდნენ და ოპერაციას ის ხელმძღვანელობდა. The Washington Post-ი წერს, რომ ზელენსკიმ ამის შესახებ არ იცოდა - რაც, გამოცემის მტკიცებით, მისცემდა მას შესაძლებლობას, დამაჯერებლად ესაუბრა თავდასხმასთან უკრაინის კავშირის არარსებობაზე, ვინაიდან მომხდარს დასავლეთში აღშფოთება შეიძლება გამოეწვია. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა დასავლელი მოკავშირეების მსხვილი სამხედრო-საზღვაო სწავლებების BALTOPS-ის შემდეგ იგეგმებოდა, რომელიც 2022 წლის 5-17 ივნისს გაიმართა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ოპერაციის განხორციელება „შეჩერდა“.

The Washington Post წერს, რომ რეალურად სექტემბერში მომხდარი თავდასხმის ზოგიერთი დეტალი ივნისის დივერსიის გეგმას ემთხვევა. მაგალითად, ექვს უკრაინელ სპეცრაზმელს, სხვისი სახელებით, უნდა ექირავებინათ ნავი, შემდეგ კი წყალქვეშა აპარატის გამოყენებით ბალტიის ზღვის ფსკერზე დაშვებულიყვნენ და გაზსადენი დაეზიანებინათ. გერმანელმა გამომძიებლებმა, რომლებიც სექტემბერში მომხდარ აფეთქებას იძიებდნენ, ასევე დაასკვნეს, რომ 6-მა ადამიანმა იქირავა იახტა და ამისთვის ყალბი პასპორტები გამოიყენა.

ამასთანავე, ივნისის ოპერაციის გეგმასა და სექტემბერში მომხდარ მოვლენებს შორის განსხვავებებიც არსებობს. მაგალითად, უკრაინელ ოპერმუშაკებს მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ უნდა დაეზიანებინათ (რეალურად კი იერიში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზეც იყო მიტანილი), დავალებაზე გამგზავრება კი არა ქალაქ ვარნემიუნდედან, არამედ სხვა პორტიდან უნდა მომხდარიყო. თუმცა ოფიციალური პირები უშვებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს შესაძლოა სცოდნოდათ, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ამ გეგმების შესახებ შეიტყვეს, ამიტომ პოსტფაქტუმ გეგმის ზოგიერთი დეტალი შეიძლება შეცვლილიყო.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მანამდე აცხადებდნენ, რომ კიევს მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს, WP-ს კითხვებს არ უპასუხეს. თეთრმა სახლმა და CIA-მა კომენტარზე უარი თქვეს.

დღის ამბები