24 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
"არასერიოზულ კითხვებზე პასუხს არ გავცემ" - რას პასუხობს ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენმ-ის თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის წევრების ნაწილი ვარაუდობს, რომ შემოდგომით ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება და მის ადგილს დავით კირკიტაძე ან ლევან ბეჟაშვილი დაიკავებს. მათივე განცხადებით, პარტიას დღეს ვანო მერაბიშვილი მართავს, რომელიც ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით უკმაყოფილოა.

"ჩემი ინფორმაციით, არაფორმალური ლიდერები უკმაყოფილო არიან, ლევან ხაბეიშვილით და ცდილობენ მის შეცვლას. ვინ შეიძლება შემდგომში თავმჯდომარე გახდეს, რამდენიმეა. პირადად ჩემი მოსაზრებით, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და დავით ხაჯიშვილი. ეს სამი, რომელმაც შეიძლება თუ სურვილი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ლევან ხაბეიშვილს აუცილებლად გაუშვებენ," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა გუგეშაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

პარტიის წევრების მეორე ნაწილი კი, ვინც ხაბეიშვილის მხარდამჭერად მოიაზრება, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

კითხვაზე, ტოვებს თუ არა ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის თანამდებობას და განიხილება თუ არა ლევან ბეჟაშვილი თავმჯდომარის კანდიდატად, ბეჟაშვილი ასე პასუხობს: "არასერიოზულ კითხვებზე პასუხს არ გავცემ."

პარალელურად, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს. განცხადება მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები