საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი განსხვავება უმრავლესობისა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის იყო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის საკითხი.
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართლა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი - დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.
აქვე, უნდა დავძინოთ ის, რომ ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის საკითხი, სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის, ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ,ს აქართველოს პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.