15 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში, ნატოს მომავალი სამიტი უკრაინას კარგ ამბავს მოუტანს - პოლონეთის პრეზიდენტი

კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - შეტევას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 5 სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 25 ადამიანი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქს ოკუპანტებმა ღამით შეუტიეს - მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში რუსებმა იმ დროს განახორციელეს, როდესაც მოსახლეობას ეძინა.

ამასთან, საჰაერო განგაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული - ოკუპანტებმა "შაჰიდის" ტიპის დრონებით შეუტიეს ხარკოვს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინული მხარე აღიარებს, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს.

"სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში არახელსაყრელი ამინდია და წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას, ჩვენი მეომრების სიძლიერე შედეგს მაინც იძლევა. 

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამის რაიონებში. მადლობა ჩვენს ბიჭებს ყოველი უკრაინის დროშისთვის, რომელიც ახლა უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს ახლად დეოკუპირებული ტერიტორიის სოფლებში. ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ჩვენს საოპერაციო დომინანტობას. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის, რადგან ჩვენ ამ ზონაში კონტროლს ვზრდით," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს და აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

​"უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეს ფრთხილად და მეთოდურად სამხედრო ლიდერების მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც თავიანთ მონდომებას წელიწადზე მეტია აჩვენებენ.
ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას იმ ლიმიტების ფარგლებში, რომელიც ჩვენს თავს დავუწესეთ კონფლიქტის დასაწყისიდან. ჩვენ გავაძლიერეთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის და გავაგრძელებთ მხარდაჭერას უახლოეს დღეებსა და კვირებში," - განაცხადა მაკრონმა.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ოკუპანტი რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი დროის მთავარ საგარეო პოლიტიკის საკითხად რჩება.

"უკრაინაში შეჭრა ჩვენი დროის მთავარ საგარეო პოლიტიკის საკითხად რჩება და ეს ასევე ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ცენტრალური თემა იქნება. ჩვენი პოზიცია ნათელია: გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი მჭიდროდ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ქვეყანას დაცვაში. პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და ასევე იარაღით რუსული აგრესიის წინააღმდეგ," - განაცხადა შოლცმა.

რაც შეეხება პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდა იმედოვნებს, რომ ვილნიუსში დაგეგმილი სამიტი კიევს კარგ ამბავს მოუტან ნატოში წევრობის საკითხთან დაკავშირებით.

"უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მკაფიო პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება. დღეს ეს არის ყველაზე დიდი მოლოდინი უკრაინის მთავრობისთვის, უკრაინის ჯარისკაცებისთვის, მისი დამცველებისთვის და უკრაინული საზოგადოებისთვის. ეს ცალსახად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტი კიევს კარგ ამბავს მოუტანს," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

დღის ამბები