04 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში მომხდარ პროვოკაციაში ის ადამიანი მონაწილეობდა, ვინც გასულ კვირას თავს ჯერ სტუდენტად ასაღებდა, შემდეგ კი პარლამენტის უკან აკრძალვის მიუხედავად კარვის გაშლა სცადა

პარლამენტში მოწყობილი პერფორმანსის ავტორი, "კურიერმა" დღეს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე აღმოაჩინა. ქრისტო ტალახაძემ ბრალდებებზე პასუხის გაცემა "რუსთავი2"-თან არ ისურვა. არც ის ახსნა, რა კავშირი აქვს ოპოზიციურ პარტიებთან და კითხვებისგან თავის არიდება გადამღები ჯგუფისთვის შეურაცხყოფის მიყენებით სცადა.

მმართველი გუნდი პარლამენტში ყალბი რუბლების პერფორმანსის უკან ნამდვილი ელენე ხოშტარიას და "ნაცმოძრაობის" დონორ დავით კეზერაშვილს ხედავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ პარლამენტში მომხდარ პროვოკაციაში ის ადამიანი მონაწილეობდა, ვინც გასულ კვირას თავს ჯერ სტუდენტად ასაღებდა, შემდეგ კი პარლამენტის უკან აკრძალვის მიუხედავად კარვის გაშლა სცადა. "ოცნების" ლიდერები ოპონენტების ამორალურ პოლიტიკურ სტრატეგიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებებით ოპოზიცია პოლარიზაციის ხარისხს ზრდის, რაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ნეგატიურად აისახება. 

მედიასთან კომუნიკაცია ელენე ხოშტარიას პარტიაში არ ისურვეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი "ოცნებას" კონტრბრალდებით უპასუხეს. პარტიის წევრებმა დღეს საქართველოს სტუდენტური ასოციაციის ორგანიზებით პარლამენტში მისულ სტუდენტებს ზონდერები უწოდეს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ მიიყვანეს. შშმ ბავშვებისთვის გამართული ღონისძიების, პროტესტისთვის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავენ "დროას" პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში".

კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებს "გირჩი". პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის მოწყობილი დღის ამ ფორმით ჩაშლა, გამოხატვის თავისუფლების ეთიკურ სტანდარტებს ცდება.

ოპოზიციის, კერძოდ ელენე ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების მხრიდან შშმ პირთა გამოყენების მცდელობას ამორალურ საქციელს უწოდებს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ ამ ფორმით "დროას" ლიდერი კრემლიდან მიღებული დაფინანსების გადაფარვას ცდილობს. 

პარლამენტში შშმ ბავშვებისთვის გამართული მიღების შემდეგ, სპეციალური საჭიროებების მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სასესიო დარბაზში ყალბი რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

 

დღის ამბები