04 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
პოლიტიკურმა ჯგუფებმა "გირჩი" და "რეფორმების ჯგუფი" თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით ისარგებლეს

პოლიტიკურმა ჯგუფებმა "გირჩი“ და „რეფორმების ჯგუფი“ თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით ისარგებლეს

"რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ ისაუბრა თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში. 

"ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს ერთი მხრივ ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც მორღვეულია რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე და იმავდროულად, ის ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოს მხოლოდ ნატო-ს ქოლგის ქვეშ შეუძლია გახდეს დემოკრატიული, ერთიანი და სუვერენული ქვეყანა და ამ მოცემულობაში მოსახლეობის გაზრდილ მხარდაჭერას სჭირდება პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერაც“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ვილნიუსის სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იყოს განცალკევებული ერთმანეთისგან და ამ ორი ქვეყნის მიმართაც დაშვებული იყოს იგივე    პრეცედენტი, რომელიც ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში გამოიყენეს.  
მან კოლეგებს, შესთავაზა ვილნიუსის სამიტის წინ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, პარლამენტმა ერთობლივი მიმართვა გაუგზავნოს.

"ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ იმისა, რომ საქართველოს სურს გახდეს ნატო-ს წევრი არამედ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც გამოუცხადონ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

"გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კი, ტრიბუნით სარგებლობისას, გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"გირჩის“ მიზანია გადასახადები იმ დონემდე დავწიოთ, რაც მორალურად იქნება გამართლებული და რაზეც მთელი დასავლური ცივილიზაცია დგას. ყველა ჯერზე როცა გვექნება შანსი  დავწიოთ გადასახადები, გავაუქმოთ საპენსიო ფონდი, შევამციროთ ინფლაცია, დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, გავაუქმოთ აქციზები. ჩვენ ყოველთვის ამ მიმართულებით ვივლით. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, როდესაც ვიქნებით ხელისუფლებაში, რაც უფრო დიდი ძალაუფლება გვექნება, მით ნაკლები იქნება ყველანაირი გადასახადი და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გადასახადების დონე არ დაიწევს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები