ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს, 21-22 ივნისს საქართველოს მიერ, რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.
ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის მოხსენება. ორივე შეხვედრაზე იქნება პოლიტიკური შეფასებებიც, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო და აქვს თუ არა ქვეყანას პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
ოქტომბერში ევროკომისია უკვე შეფასების დეტალურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც საფუძვლად დაედება დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას - მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე" და მის პოლიტიკურ ქცევაზე, ისევე, როგორც რეფორმების შესრულების ტემპზე.
"მე არ მაქვს დიდად იმედიანი პროგნოზები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი და ყველაფერი იქნება დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე" და მის პოლიტიკურ ქცევაზე, ისევე, როგორც რეფორმების შესრულების ტემპზე, რაზეც საუბრობენ, რომ პრობლემაა.
მიუხედავად შესაძლებლობებისა, "ქართულმა ოცნებამ" თუ კვლავ განაგრძო ანტიდასავლური პროპაგანდა, ისევე, როგორც ანტიდასავლური ქცევა და თავდასხმები ადამიანებზე, ეს იქნება კიდევ ერთი და ვფიქრობ, საბოლოო ხელიდან გაშვებული შანსი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.