სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი 2 დღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა - ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს.
"ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან , ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გენერალურ პროკურორთან. დევიდ ო’სალივანი, შეხვდება ბიზნესის და პრესის წარმომადგენლებსაც," - აღნიშნულია განცხადებაში.