შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის.
"ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს ნიშნავს, რეალურად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ მიღწევას, ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად, შემდეგი ეტაპი.
ჩვენმა გუნდმა, მოგეხსენებათ კარგად, მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა, ევროკავშირის მხრიდან დაშვებული და ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის იზიარებს ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი, რაც მათ ვუთხარი, არის შემდეგი, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირის ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ და ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. 12 რეკომენდაციიდან, 11 შეიძლება ითქვას არის შესრულებული, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი გუნდის წევრებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.