15 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
უკრაინის მხრიდან თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო პირველი მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილება იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც უკრაინის მიმართ ვიჩენთ - შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო პირველი მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინაშე, იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ამაზე ბევრი საუბარი ალბათ არ ღირს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და სანქციებს, მგონი, ეს საკითხი ერთწლიანი დეზინფორმაციების შემდეგ, მათ შორის ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა, დახურეს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა. მათ მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც, არა მხოლოდ უზრუნველყო ის, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს ან ეჭვს წარმოშობს საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლაზე, არამედ პირიქით, იქით ეხმარება, რომ ევროკავშირიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან გამოპარული ტვირთები ჩერდება საქართველოს საზღვარზე.

1 300 ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა ჩვენს საზღვარზე. კითხვა არავის უჩნდება, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენს საზღვართან სანქცირებული ტვირთები თუ კომპანიები. ამიტომ, საქართველო არა მხოლოდ იცავს პირველივე დღეს ნათქვამ სიტყვას, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, არამედ აქეთ ეხმარება სხვა ქვეყნებს, რომ რასაც ყურადღება ვერ მიაქციეს, დაცვის მექანიზმებს გამოპარული ტვირთებიც კი გააჩეროს. ამიტომ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თავისთავად ეს და მეორე მხრივ, ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ სანქციების საერთაშორისო კოორდინატორების მხრიდან, აჩვენებს, რომ საფუძველი არ აქვს,"-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ამაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინას შეფარებული ჰყავს სისხლის სამართლის დამნაშავეები.

"მეორე გარემოება არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან რა გადაწყვეტილებაც იყო სანქციებზე უკრაინის მხრიდან, ამას შეჩვეული ვართ. ამაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უკრაინის ხელისუფლებას. დღემდე შეფარებული ჰყავს სისხლის სამართლის დამნაშავეები – ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთი გენერალური პროკურორის მრჩეველია და მეორე – კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ორი დამნაშავე თავს აფარებს უკრაინას. მესამე დამნაშავე აფარებდა თავს მიხეილ სააკაშვილის სახით, შემოიპარა და ახლა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფრო სწორად, კლინიკაში. ასეთ სანქციებზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და დღემდე ამ გადაწყვეტილებებს მიჰყვებიან, ნაცვლად იმისა, გადმოგვცენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქართველი ხალხის წამების სისტემა. ისინი დაწინაურებული ჰყავთ უმაღლეს თანამდებობებზე. ამიტომ, აქ სუბარი ქართველი ხალხის მიმართ თბილ გრძნობებზე და ამის კარნახით გადაწყვეტილების მიღებაზე ზედმეტია,"-განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს უხარიათ უცხო ქვეყნის მიერ საკუთარი მოქალაქის დასანქცირება.

"კიდევ მეორე განზომილებაა მნიშვნელოვანი. მე ვნახე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია, როგორი სიხარული აქვთ, რომ საკუთარი მოქალაქე უცხო ქვეყანამ დაასანქცირა. ეს ხალხი პოლიტიკოსები არიან, პარლამენტის წევრები. უხარიათ ეს ყველაფერი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთოდ მოწყვეტილი არიან საკუთარ ხალხს. არანაირი კავშირი არ აქვთ ხალხთან, ადიდებენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, პარლამენტის წევრებს, თუ ოფიციალურ პირებს. საკუთარი ქართული საერთოდ არაფრად მიაჩნიათ. ქართველი მოქალაქე ერთ წამში გასწირეს. თუნდაც თამაზ გაიაშვილი. მას ხაზი გადაუსვეს, რადგან სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც მათთვის არის უფრო პრეზიდენტი, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი, უფრო მეტი ავტორიტეტია, მისი გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებმა საქართველოს მოქალაქეს ხაზი გადაუსვეს. ამ ხალხს მერე უნდა, მოიპოვოს ქართველი ხალხის ნდობა და უკვირს, ყოველ ჯერზე გაწბილებულები რომ არიან და ერთ პროცენტზე ტრიალებენ. ის პოლიტიკოსი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესზე მაღლა უცხო ქვეყნის ინტერესს აყენებს, ის ვერ იქნება ქართული პოლიტიკისა და ხალხის წარმომადგენელი. ეს არის ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში და არა ის, რომ უკრიაინამ დაასანქცირა. ეს არ იყო პირველი მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინაშე, იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ უკრაინის მიმართ. ეს არ არის პირველი ასეთი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერში ყველაზე მძიმეა, რომ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე არის ხალხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კი არ უყურებს, უყურებს უცხო ქვეყნის ესა თუ ის თანამდებობის პირი რა გადაწყვეტილებას იღებს. აქ არიან მათი წარმომადგენლები,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები